“პროსენიკი” საკმაოდ პოპულარული ტკბილეულია ბულგარეთში. ის საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია და იდეალურია მათთვის, ვისაც არ უყვარს ზედმეტად ტკბილი ნამცხვრები.
მისი გულსართი გაგიკვირდებათ და ცხვრის ყველის ბაზაზე მზადდება. ამ ნამცხვრის მოსამზადებლად გამოიყენება ორი სახის ფქვილი: სიმინდის და ხორბლის.
ნამცხვარი გამოდის არომატული, ჰაეროვანი და უგემრიელესი. საკმარისი ერთხელ გასინჯოთ და ის აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი ტკბილეული.
პროსენიკის რეცეპტი
დაგჭირდებათ:
– 1 ჭიქა სიმინდის ფქვილი
– 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
– 250 გრ. მჟავე რძე
– 3 ც. კვერცხი
– 100 მლ. მზესუმზირის ზეთი
– 200 გრ. გახეხილი ცხვრის ყველი
– 8 გრ. გამაფხვიერებელი
მომზადების წესი:
1. პირველ რიგში ათქვიფეთ ზეთი და კვერცხი კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. (ამ შემთხვევაში ხელის სათქვეფის გამოყენებას გირჩევით.)
2. მეორე თასში აურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები: სიმინდის ფქვილი, ხორბლის ფქვილი და გამაფხვიერებელი. ამ ნარევს დაუმატეთ ზეთისა და კვერცხის ათქვეფილი მასა და კარგად მოურიეთ. ამის შემდეგ დაუმატეთ მჟავე რძე, გახეხილი ცხვრის ყველი და მოზილეთ ცომი.
3. მიღებულ ცომის მასას გადააფარეთ სტრეჩი (საკვების შესაფუთი პოლიეთილენის ცელოფანი) და დაასვენეთ 10 წუთით.
4. სასურველ საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით ცომი.
5. ნამცხვარი უნდა გამოაცხოთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
ამ ბულგარულ დესერტს მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი ან რომელიმე თქვენთვის სასურველი მწვანილი.
მისი მირთმევა შეგიძლიათ როგორც ცივი ასევე ცხელი სახითაც. აუცილებლად დააგემოვნეთ ეს საუცხოო დესერტი.