კიდევ ერთი სულის შემძვრელი ამბავი ჯგუფიდან “ვეძებ” და ისევ საქართველოში მომხდარ გაუგონარ დანაშაულებზე, რომლებიც სამშობიაროებში ხდებოდა:
“1990 წლის 22 ნოემბერს ღამე დამეწყო დენა. 9 თვემდე 2 კვირა მაკლდა. სასწრაფოთი მიმიყვანეს ქუთაისის პირველ სამშობიაროში. გაკეთდა საკეისრო კვეთა, დაიბად გოგონა. მე ვიყავი მძიმედ, სისხლისგან დაცლილი, რადგან მთელი ოპერაცია დენაში მიმდინარეობდა. მერე რაღაც მომენტში გაჩერდა და საოპერაციოში ისევ ვიგრძენი, რომ დამეწყო და ექიმის ყვირილიც გავიგე, ჩქარა, არ გავაგვიანოთო…
მერე არაფერი მახსოვს. გავიღვიძე რეანიმაციაში. დაბმული ვიყავი და ხელებზეც და ფეხებზეც წვეთოვანი მედგა, სისხლს მისხამდნენ…
რო არ გავნძრეულიყავი, 2 დღე დამაძინეს. პირველად ნარკოზისტი შემოვიდა და მითხრა, ის ბავშვი რომ გადარჩენილიყო, არ ვიცი რა გაიზრდებოდა, იმხელა შავ თვალებს ატრიალებდაო… მე ჭიქა ვესროლე სიმწრისგან, კარებში არ მოხვედრია, უცებ მიიხურა… ბავშვი როცა მოვიკითხე, დაიღუპა, ფილტვები არ გაეხსნაო. მოსაცდელში მეუღლე მახლდა მარტო, ჩემებს ვერ გავაგებინე, დილით მოვიდნენ. მეუღლე შეაშინეს, ცუდადაა ბავშვიც და დედაცო. წამლები მოატანინეს სასწრაფოდ, შუაღამეზე ებრაელებში არბენინეს ტაქსით და რომ მოუტანია მერე უთქვამთ, დაიღუპაო და დედაც საეჭვოაო. 10 მანეთი კიდევ დაამატებინეს, ჩვენ დავკრძალავთო. დილით მამაჩემს მოუკითხია, ბავშვი მანახეთ მკვდარი ან ცოცხალიო და, დავმარხეთ უკვეო. მერე მთელი აქცენტები ჩემზე გადმოატანინეს, ვითომ ვკვდებოდი მეც და ასე გამომიშვეს ცარიელი.
1991 წლის 2 დეკემბერს ბიჭზე გამიკეთეს საკეისრო. ისევ ის ექიმი შემხვდა, ვინც გოგოზე. ჯერ მითხრა, მკერდი უნდა გადაგიკრაო. რატო-თქო, რომ ვკითხე, ბავშვი პატარა დაიბადა, ჯერ ვერ მოწოვს, ზონდით ვაწვდითო და რომ არ გაგიმაგრდესო. რომ გაიყვან, მერე ხელოვნურზე გადაიყვანო. დავიჯერე მე სულელმა. ჩემები გაუფრთხილებიათ, არ უთხრათ, მეორე ბავშვია და ნერვიულობაზე რამე არ დაემართოსო.
იმ დროს ჩემთან იმშობიარა მეგრელმა გოგომ ტყუპები. ერთი დაუმალეს, უთხრეს, ერთი იყოო. მისი ქმარი მებრძოლი იყო და “ლიმონკით” დარბოდა, ბავშვი გამოაჩინეთ, თუ არა აგაფეთქებთო. მეორე დღეს გამოუჩინეს და ახლა მკლავს ეჭვი, ის ბავშვი ვისთვისაც უნდოდათ, ალბათ ფული აღებული ჰქონდათ და ჩემი გაატანეს.
მამაჩემს ერთი ამბავი აუტეხია, ბავშვი მომეცით ექპერტიზაზე წავიყვანო. გაატანეს, დაუწერეს თანდაყოლილი გულის მანკი. პათანატომი დედას ნაცნობი იყო და იმან უთხრა, ამ ბავშვს მარტო გული ჰქონდა ჯანმრთელი, დანარჩენი ორგანო ათქვეფილი იყო ერთმანეთშიო. მე გამოწერისას მითხრა მეუღლემ ბავშვზე, მანამდე არავინ მეუბნებოდა.
1999-ში კიდე ბიჭი გავაჩინე მესამე სამშობიაროში და საკეისროს წინ ექიმს ვთხოვე, გადამიკეტე მილები, მესამე საკეისროა და მეტს მაინც არ ვაჩენ-თქო და ასე მიპასუხა, რაის მილებზე მელაპარაკები, შეიძლება სულ არ გყავს მაგ ბავშვი მუცელში ცოცხალიო… ერთი ამბავი ავტეხე, ჩემი ყვირილი მთელმა სამშობიარომ გაიგო, გაიყვანეს მერე ის ქალი. ნუ ენახები, გაგიჟებულია ქალიო… ღმერთის წყალობით, ეს ბავშვი შემრჩა. ალბათ რომ არ მეყვირა, ამაზეც ნიადაგს მიმზადებდნენ, რომ არ იყო ცოცხალიო, მეტყოდნენ. მარა მერე ვეღარ გაბედეს. საოპერაციოში შესვლამდე ვუყვირე ექიმს, თუ გამოვედი ცოცხალი, მთელ ქვეყანას გავაგებინებ შენ ქალობას-თქო და მერე ვის არ მიგზავნიდა პალატაში სულ ერთი და იგივე კითხვით, სად მუშაობო, აინტერესებდა. შეეშინდა, მისი ქალობა არ გახმაურებულიყო…
ასე რომ, 90-ის 22 ნოემბერს გოგონა და 91-ში 2 დეკემბერს ბიჭი ქუთაისის პირველში დაბადებულები ვინც ეჭვობთ, რომ დედამ მიგატოვათ, არ მიმიტოვებიხართ. მომპარეს თქვენი თავი. მომატყუეს. გეძებთ და თქვენც მომძებნეთ. მამათქვენს კი გაჰყვა თქვენი ჯავრი საფლავში და მეც ნუ გამაყოლებთ. გყავთ უფროსი და და 22 წლის ძმა”.