ხორცი ერთ–ერთი ყველაზე სასურველი და მოთხოვნადი პროდუქტია. ვის არ უყვარს მწვადი, ქაბაბი, ხინკალი და ა.შ. განსაკუთრებით კი ბუნებაში, ნაკვერჩხალზე შემწვარი მწვადი.
ხორცი გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლო პროდუქტია. თუმცა დიდი სიფთხილე უნდა გამოიჩინოთ მისი არჩევისას, რადგან ამ პროდუქტით მოწამლვა კვებითი აშლილობის ყველაზე რთულ ფორმას იწვევს.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილს, თუ სად შეიძენთ აღნიშნულ პროდუქტს. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, სად ჯობია ხორცის შეძენა და იმედია ეს რჩევები გამოგადგებათ.
სად შევიძინოთ ხორცი?
მაშინ, როცა არ იყო ამხელა და ამდენი სავაჭრო ობიექტები, ხალხი ძირითადად პროდუქტს ყიდულობდა ბაზარში. ბაზარში ნაყიდი პროდუქტი საკმაოდ დიდ ნდობას იმსახურებდა მომხმარებლებში. თუმცა ალბათ ყველას გსმენიათ მოვაჭრეთა არაკეთილსინდისიერებაზეც.
გარდა წონაში მოტყუებისა, შესაძლოა მოტყუვდეთ პროდუქტის ხარისხშიც. განსაკუთრებით ფარშის ყიდვისას გამოიჩინეთ დიდი ყურადღება, მაგრამ არც ესაა გარანტია იმისა, რომ თქვენ ზუსტად იმას წაიღებთ სახლსი რისი შეძენაც რეალურად გსურდათ. საქმე იმაშია, რომ ხორცის ვიზუალის შეცვლა, განსაკუთრებით ფარშის შემთხვევაში საკმაოდ მარტივია. შესაძლოა საქონლის ან შერეული ხორცის მაგივრად, სახლში ქათმის და საქონლის მონარჩენების ფარში წაიღოთ. ეს შემდეგ მხოლოდ საკვების გემოზე აისახება.
შერჩეული ნაჭრის გადამუშავების ან დაკეპვის მოთხოვნის შემთხვევაშიც დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რადგან უამრავ ვაჭარს აქვს დახლქვეშ უკვე გამზადებული ასეთი შემთხვევებისთვის ბევრად დაბალ ფასიანი და დაბალ ხარისხიანი ნაჭერი, რომელსაც უცებ ჩაგინაცვლებთ.
მარკეტებისგან განსხვავებით, ბაზარში ვაჭრები ერთ ფიქსირებულ ფასშიც კი არ ყიდიან ხორცს. ისინი აფასებენ კლიენტს და ამის მიხედვით სთავაზობენ ზოგს უფრო ძვირად და ზოგს უფრო იაფად აღნიშნულ პროდუქტს.
ბაზარში ასევე ძალიან ცუდად კოტროლდება ხორცის ვადა და შენახვის პირობები. სავსებით შესაძლებელია გემრიელი ვახშამი ნამდვილ ჯოჯოხეთად გექცეთ და მძიმე ინტოქსიკაციით საავადმყოფოშიც კი ამოყოთ თავი.
მარკეტებში გაქვთ საშუალება გადაამოწმოთ ხორცის ვადა, ხარისხი და გამონაკლის შემთხვევებში მისი მიბრუნება და სიტუაციის გარკვევაც შეგიძლიათ. ბაზარში კი ეს ასე ნამდვილად არაა, უბრალოდ დარჩებით მოტყუებული. 100%–იან გარანტიას იმაზეც ვერ მოგცემთ, რომ ნამდვილად საქონლის ან ღორის ხორცს წაიღებთ მათგან სახლში. ხშირ შემთხვევაში ბაზარში ხვდება ავადმყოფობით გარდაცვლილი ცხოველის ხორციც და არა მხოლოდ ღორის ან ძროხის და ა.შ. ასეთი ხორცის გაყიდვა სასტიკად აკრძალულია, რადგან ის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
რაღა თქმა უნდა ყველა ვაჭარი ასე არაკეთილსინდისიერად არ იქცევა, მაგრამ მაინც ჯობია ძალიან ნაცნობთან ან იმასთან იყიდოთ ხორცი ვისაც ენდობით.
ჯანმრთელობას გისურვებთ!